ბათუმის ნავთობტერმინალის აქტიური სოციალური პოზიცია გამოიხატება არა მხოლოდ საკუთარ თანამშრომლებზე ზრუნვით, არამედ სხვადასხვა გარე სოციალური პროგრამების ჩატარებით. კარგ ტრადიციად იქცა ქალაქის ხელმოკლე მოსახლეობაზე ზრუნვა.

ერთ-ერთი მთავარი პროექტია ტერმინალის საქველმოქმედო სასადილო, რომელიც დაარსდა 2000 წლის 1 ნოემბერს მარტოხელა ადამიანების, ხელმოკლე და მრავალსულიანი ოჯახების საკვებით უზრუნველსაყოფად, დღეისათვის სასადილოში ყოველ დღე, შაბათისა და კვირის ჩათვლით,  იკვებება 155 ადამიანი.

ტერმინალი საქველმოქმედო დახმარებას უწევს ყოფილ დასაქმებულებს - პენსიონერებს, დიდი სამამულო ომის ვეტერანებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან საზოგადო სამართლის იურიდიული პირი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ომის, შრომის და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა კავშირში“, წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის მოხუცთა თავშესაფარს, სამედიცინო ასოციაცია „თანა“-ს  ბენეფიციარებს, რომლის სარეაბილიტაციო ცენტრს, იქ მუდმივად მცხოვრები ბავშვების გარდა, რომლებიც ხელმოკლე ოჯახებიდან არიან,  ყოველდღიურად მიმართავენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.

ტრადიციის თანახმად ტარდება საახალწლო წარმოდგენები წმინდა მათეს გიმნაზია-პანსიონის აღსაზრდელებისათვის.

რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში მონაწილეობის მნიშვნელოვანი შემადგენელია ქალაქის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობა - სსიპ „შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ და სსიპ „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია“.

ურთიერთ თანამშრომლობის შესახებ ჩვენს ორგანიზაციებს შორის გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე, ბათუმის ნავთობტერმინალი ყოველწლიურად ღებულობს სტუდენტებს საწარმოო პრაქტიკის გასავლელად.

ბათუმის ნავთობტერმინალის პერსონალის მართვის განყოფილების სპეციალისტების მიერ უნივერსიტეტების პროფესორებთან ერთობლივად შემუშავებული საწარმოო პრაქტიკის პროგრამის მთავარ მიზანს წარმოადგენს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომელთა დონე შეესაბამება თანამედროვე დამსაქმებლების მოთხოვნებს, პირობების შექმნა ახალგაზრდობის დასასაქმებლად ქვეყნის ნავთობისა და აირის სფეროში. ამას გარდა, მეცნიერების, უმაღლესი განათლებისა და ინდუსტრიის ინტეგრაცია ნებისმიერი ქვეყნის ინოვაციური განვითარების საფუძველს წარმოადგენს.